საბანკო ვალების მარწუხებში მოქცეული ქართველი პენსიონერები

გამოქვეყნებული 16 აპრ. 2021 წასაკითხი დრო 4 წუთი
საბანკო ვალების მარწუხებში მოქცეული ქართველი პენსიონერები
© Foto: გიორგი ლომსაძე

ლიბერთი ბანკის თბილისის ფილიალის წინ, პენსიონერთა გრძელი რიგი დგას. პენსიის მომლოდინე მრავალრიცხოვან ხანდაზმულს შორის, ერთ-ერთი 75 წლის ქართველი ქალბატონია. მისი ყოველთვიური შემოსავალი სულ რაღაც 80 დოლარს შეადგენს. თუმცა, ბანკში აღებული სესხის გამო, ახლა, ეს მიზერული თანხა კიდევ უფრო ნაკლებია. ისედაც მწირი პენსიის თითქმის ერთ მესამედს, პენსიონერი ქალბატონი ბანკში ტოვებს.

”პატარა სესხი ავიღე წნევის წამლების საყიდლად და ახლა იმხელა ვალი მადევს, გეგონება კაზინოში ვითამაშე,“ - აღნიშნავს იგი Eurasianet-თან საუბრის დროს, „ახლა უნდა ვილოცო რომ არაფერი დამემართოს, ფასებმა არ გაიზარდოს, რომ როგორღაც გადავიხადო ეს სესხი.” საუბარში რიგში მდგომი მეორე ქალბატონი ერთვება: „მოხუცები და ღარიბები ვართ და, მგონი, ყველაზე ძვირს ჩვენ ვიხდით სესხებში.“

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქართველ პენსიონრებს, მოსახლეობის ყველაზე ღარიბ კატეგორიას, განსაკუთრებით ადვილად მიუწვდებათ ხელი საბანკო კრედიტებზე: არასტაბილური ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფო საპენსიო შეღავათები სტაბილური, თუმცა მწირი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბანკების მიერ სესხის უზრუნველყოფის საშუალებად. გარდა ამისა, ლიბერთი ბანკი - მონოპოლისტი სოციალური და საპენსიო პროგრამების მიმართულებით, პენსიონრებს თანხის გაცემას ავანსის სახით სთავაზობს.

საყურადღებოა, რომ 31 პროცენტით, ხშირად კი, უფრო მაღალი ეფექტური განაკვეთით, სწორედ ამ ტიპის სესხებია საქართველოში ყველაზე უფრო ძვირადღირებული. მათი პროცენტი ორჯერ აღემატება საქართველოში სხვა საბანკო სესხების საშუალო განაკვეთს, მაშინ როცა საერთაშორისო სტანდარტებით, ეს უკანასკნელიც კი ძალზედ მაღალია. ქართველ პენსიონრებს ბანკი შესაძლებლობას აძლევს აიღონ ცხრა თვემდე პენსია ავანსის სახით. შედეგად, მათი მწირი შემოსავლის დიდი ნაწილი დარიცხულ პროცენტს ხმარდება, მრავალი პენსიონერი კი, სავალო ხაფანგში ეხვევა.

ანა დოლიძემ, პოლიტიკური ჯგუფის „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, Facebook გვერდზე სასესხო ხელშეკრულების ფოტო გამოაქვეყნა და ყურადღება საპროცენტო განაკვეთზე გაამახვილა: 35,42 %. „ფაქტობრივად, ლიბერთი ბანკი „ატყავებს“ ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს,“ - წერს იგი.

გუგული აბესაძემ, 65 წლის პენსიონერმა აჭარიდან, ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მან სესხი შეშის შესაძენად აიღო, შედეგად კი, ვალი იმდენად გაეზარდა, დაფარვასაც ვეღარ ახერხებს. „ვიხდი, ვიხდი და მაინც არ სრულდება,“ ამბობს აბესაძე, რომელიც სახელმწიფო თავშესაფარში ცხოვრობს, საკვებს კი უფასო სასადილოში იღებს.

პენსიონრის ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოში ყოველთვიური პენსია 70 - დან 86 აშშ დოლარამდე მერყეობს.

იღბლიან პენსიონერთა რიცხვს განეკუთვნებიან ხანდაზმულები, რომლებსაც გვერდში შვილები უდგანან და ფინანსურ დახმარებას უწევენ. თუმცა, მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია. გუგული აბესაძის მსგავსად, მრავალი მათგანისთვის საკვებისა და მედიკამენტების ხარჯის დასაფარად ძვირადღირებული სესხის აღება ერთადერთი არჩევანია. ნეტგაზეთის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებ 754,000 პენსიონერს შორის, დაახლოებით ნახევარს საბანკო სესხი ჰქონდა.

როგორც ლიბერთი ბანკის წარმომადგენელმა Eurasianet-ს განუმარტა, ხანდაზმული ასაკი და სიღარიბე გადაუხდელობის მაღალ რისკთან ასოცირდება. მსესხებლის გარდაცვალება პენსიის ავტომატურად შეწყვეტას ნიშნავს. შესაბამისად, ბანკს აღარ აქვს შესაძლებლობა ამოიღოს მისი კუთვნილი თანხა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ და მხოლოდ მსგავსი რისკების შემცირების საშუალებაა.

როგორც ერთ-ერთმა საკრედიტო ოფიცერმა Eurasianet-ს ანონიმურად განუცხადა, „არავის ვაძალებთ სესხის აღებას, უბრალოდ გვიწევს არსებული რისკების გათვალისწინება,” ამბობს ოფიცერი. „საპენსიო სესხს სხვა არავინ გასცემს. მთავრობას ჰკითხე, რატომ უწევთ პენსიონრებს მიზერულ პენსიასა და ძვირადღირებულ სესხს შორის არჩევანის გაკეთება.“

ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არ უპასუხა Eurasianet-სკითხვებს.

2019 წელს, ლიბერთი ბანკმა პენსიონრებზე გაცემული სესხებიდან 90 მილიონი ლარი (26 მილიონი დოლარი) დაიბრუნა, ხოლო ჩამოწერა 27 მილიონის (8 მილიონი დოლარი) ოდენობის საპენსიო დავალიანება, იუწყება რადიო თავისუფლება, „ეს კი ნიშნავს, რომ წელს მსესხებელთა შვიდი პროცენტი სესხის დაფარვამდე გარდაიცვალა“.

ერთნი ამტკიცებენ, რომ ბანკი იყენებს თავის ექსკლუზიურ პოზიციას დაუცველ კლიენტებზე მაღალი პროცენტის დასაწესებლად, ზოგი კი ამბობს, რომ პრობლემა მთავრობაშია, რადგან ნება დართო ერთ კომპანიას აეღო სოციალური და საპენსიო პაკეტების განაწილებაზე სრული მონოპოლია. ლიბერთი ბანკმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების უდიდეს ქსელს ფლობს, ტენდერში გამარჯვება 2009 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ერთადერთ მონოპოლისტად რჩება.

„მე შემიძლია თავად გადავწყვიტო, თუ რომელ ბანკში დამერიცხება ხელფასი. თუ არ ვარ კმაყოფილი კონკრეტული ბანკის მომსახურებით, შემიძლია გადავიდე სხვა ბანკში, სადაც იქნება უფრო ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, უფრო დაბალი განაკვეთი სახელფასო ავანსზე. სამწუხაროდ, პენსიონრებს არ აქვთ არჩევანის მსგავსი თავისუფლება”, - განუცხადა Eurasianet–ს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ.

პაპავას განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია მთავრობის მიერ ბანკთან ხელშეკრულებით არა მხოლოდ საპენსიო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა, არამედ საპენსიო უზრუნველყოფით გაცემულ სესხებზე საპროცენტო ზღვრის დაწესება. ამასთან, როგორც პაპავამ დასძინა: „შესაძლოა, სესხების მაღალი პროცენტი იყოს სწორედ ის ფაქტორი, რის გამოც ბანკს უღირს ამ ტიპის მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება.“

სესხების რეგულირების საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, 12 აპრილს საპარლამენტო კომიტეტის მოსმენა შედგა. ლიბერთი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთები კონკურენტუნარიანია და საბაზრო მდგომარეობით არის განპირობებული. რამდენიმე ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთები სრულად შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და კამპანიას ”პოპულისტური” უწოდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ გარკვეული რეგულაციები გაატარა ქვეყანაში არსებული მაღალი პროცენტების შემცირების მიზნით. თუმცა, არცერთი მათგანი არ იყო მიმართული საპენსიო სესხებზე.

ამ ფონზე, ხანდაზმულები თავს მივიწყებულად გრძნობენ. „ჩემი ცხოვრების 50 წელი სხვების განათლებას დავუთმე, ჩემი დღე და მოსწრება ვშრომობდი და აი, რა დღეში ჩავარადი. ბოლო თეთრებს ვითვლი, ვსესხულობ, საჭმელს ვიზოგავ“, - დაიჩივლა რიგში მდგომმა ერთ-ერთმა ქალბატონმა. „ისე გვექცევიან როგორ ზედმეტ ტვირთს, არავის რომ არ ჭირდება.“ 


სტატია მომზადებულია სავალო კრიზისის წინააღმდეგ მიმართული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ფიფლ ინ ნიდ“ GeoWel Research- თან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP გამოწვევის ფონდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან გაეროს, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს წევრი ქვეყნების შეხედულებებს.

Autor: გიორგი ლომსაძე, ჟურნალისტი