გაიცანით ევა, EU Aid პროგრამის მოხალისე PIN-ში

გაიცანით ევა, EU Aid პროგრამის მოხალისე PIN-ში

26 დეკ. 2019

ინტერვიუ ევა ფერნანდესთან

რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ თქვენს შესახებ, თქვენს გამოცდილებაზე, წარსულ საქმიანობაზე და ა.შ.

მე გახლავართ ევა, 24 წლის ესპანელი. ანთროპოლოგიის მიმართულებით ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მაგისტრატურა გავაგრძელე ჰუმანიტარული საქმიანობის მიმართულებით. ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა Médecins du Monde და ინდოეთის წითელი ჯვრის საზოგადოება - მუმბაი. ასევე მქონდა გასაოცარი შესაძლებლობა მემუშავა და მეცხოვრა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა, კენია და ინდოეთი. 

გვიამბეთ ევროკავშირის მოხალისეთა დახმარების პროგრამის შესახებ. რას გულისხმობს იგი? როდემდე დარჩებით საქართველოში? რა საქმიანობაზე ხართ პასუხისმგებელი?

რა თქმა უნდა! EU AID Volunteers ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ევროპის აქტიურ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ჰუმანიტარულ კრიზისში ან პოსტ-კრიზისულ პირობებში მყოფ თემებთან მუშაობას. ინიციატივა მიზნად ისახავს პრაქტიკული მხარდაჭერის აღმოჩენას, ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების ამაღლებას და თემების გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ერთი წლის მანძილზე ვიმუშაო საქართველოში, „ფიფლ ინ ნიდ“-ის კერძო სექტორის ჩართულობის ოფიცრის რანგში. 

თქვენთვის რა იყო საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მოტივაცია? 

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ცხოვრება ისეთი საინტერესოა! დიდი სურვილი მქონდა გამომეცადა და თავად შემეცნო იმ საზოგადოების ტრადიციები, ფასეულობები და ცხოვრების წესი, რომელიც სოციალურად, კულტურულად და ეთნიკურად ასეთი მრავალფეროვანია. არ მოვიტყუები, თუკი ვიტყვი, რომ ხაჩაპურმა და ქართულმა ღვინომ ასევე გავლენა იქონია ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 

თავად თქვენ, როგორ შეაფასებდით საქართველოში ცხოვრებას?

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, შემიძლია ვთქვა, რომ დავიჭირე გარკვეული მსგავსება ესპანეთთან, განსაკუთრებით სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსების კუთხით. შევიგრძენი, თუ რაოდენ ძლიერია ურთიერთობები და ერთიანობის შეგრძნება. მეორეს მხრივ, მე თბილისში ვცხოვრობ, ქალაქში, რომელიც მუდმივად გთავაზობს უამრავ სიახლეს. ასე რომ, არც ერთი საღამო არ გადის საინტერესო სამხატვრო გამოფენის, ცოცხალი მუსიკის კონცერტის ან თეატრალური სპექტაკლის გარეშე.

როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება საქართველოს შესახებ?

ინტერნეტით თუ მოიძიებთ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, თვალწინ გადაგეშლებათ „მეოცნებე“ მთები, შორეული მონასტრები და თვალწარმტაცი ვენახები. მაგრამ, ის, რამაც ჩემზე ჩამოსვლისთანავე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, იყო ქართველების სტუმართმოყვარეობა და სითბო - ადამიანებისა, რომლებიც სახეზე ღიმილით მზად არიან დაგეხმარონ. ასევე მომხიბლა თბილისის არტისტულმა და ბოჰემურმა გარემომ, თბილისი ახალგაზრდებისთვის საოცრად საინტერესო ქალაქია!

რას იტყოდით მისიის შესახებ?

 ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ახორციელებს მრავალფეროვან პროექტებს სოფლის განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. ჩემთვის, რა თქმა უნდა, შესანიშნავი შესაძლებლობაა გავეცნო საქართველოში არსებულ კონტექტს ამ მრავალფეროვანი პროექტების წყალობით. „ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმების საშუალებით“ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტია, რადგან იგი ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას ახალი მხიარული და ინტერაქტიული პლატფორმის გამოყენებით. გარდა ამისა, ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანამშრომლები, რომლებიც არა მხოლოდ ღირებულ საქმეს აკეთებენ, არამედ დროსაც კი პოულობენ ყოველდღიურად მასწავლონ ქართული. მადლობა!

თქვენი აზრით, რა წვლილს შეიტანთ საქართველოში „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქმიანობაში? 

 ვიმედოვნებ, რომ ჩემი საქმიანობით, ორგანიზაციასა და ჩემს საყვარელ გუნდს ახალ პერსპექტივას შევძენ. მოხარული ვიქნები წვლილი შევიტანო PIN– ის ყველა პროექტში და ჩავერთო გამორჩეული ენთუზიაზმით. ასევე მსურს საკუთარი წვლილი შევიტანო იმ უნარ-ჩვევების გაზიარებით, რომლებიც ახლახანს შევიძინე მოხალისეობის შესახებ ევროკავშირის ტრენინგის დახმარებით.

არსებობს ესპანეთთან დაკავშირებული ისეთი რამ, რაც უკვე გენატრებათ?

სამწუხაროდ კი. ესპანურ ზეითუნის ზეთს, Jamón serrano-ს და მანჩეგოს ყველს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავება ჩემს გულში. ასევე მენატრება მადრიდის მჩქეფარე ბულვარების და რიყის ქვით მოკირწყლული ვიწრო ბილიკების გასწვრივ სეირნი. კიდევ, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი.

ავტორი: Ramaz Chichinadze, Communication Officer