საბანკო ვალების კრიზისის დაძლევის ახალი სტრატეგია საქართველოში

საბანკო ვალების კრიზისის დაძლევის ახალი სტრატეგია საქართველოში

15 ოქტ. 2020

 ჩეხეთის რეპუბლიკაში მიღებული წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) იწყებს ახალ პროექტს საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს მსესხებელთა ინტერესების ადვოკატირებასა და საზოგადოების წვდომის გაზრდას იმ ცოდნასა და რესურსებზე, რომლებიც მას სჭირდება საკუთარი უფლებების დასაცავად. პროექტი ხორციელდება PIN-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ჯერ კიდევ COVID-19 პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში მწვავედ იდგა ჭარბვალიანობის პრობლემა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა სიღარიბის, უსახლკარობისა და უთანასწორობის მხრივ არსებულ სურათს. COVID-19-ით გამოწვეულმა ეკონოკურმა კრიზისმა ნათელი მოჰფინა მოსახლეობის დაუცველობას საკრედიტო ვალდებულებების მიმართ - ეს ის მწვავე პრობლემაა, რომელიც ხშირად უხილავი რჩება. NDI–ს თანახმად, საქართველოს შინამეურნეობების დაახლოებით ნახევარს საკრედიტო ვალდებულება აქვს, ოჯახების 30% კი აცხადებს, რომ საოჯახო ხარჯებს შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საკრედიტო გადასახადებს უჭირავს.

საქართველოში გაცემული სესხები, როგორც წესი, გამოირჩევა მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და დაბალი მოქნილობით. სესხის აღება შესაძლებელია როგორც ფორმალური, ასევე არარეგულირებული წყაროების საშუალებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დაკრედიტების ლიბერალური პოლიტიკის წყალობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სამომხმარებლო სესხების წილი 7.5-ჯერ გაიზარდა, საშუალო საპროცენტო განაკვეთმა კი საბანკო სამომხმარებლო სესხებზე 2020 წელს 26% შეადგინა. უფრო მეტიც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ გამოავლინა, ბოლო 8 წლის განმავლობაში 20,000 საცხოვრებელი სახლი იქნა მსესხებლებისთვის ჩამორთმეული, რის შედეგადაც 65,000-მდე ადამიანი უსახლკარობაში ან უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოში სუსტია საზოგადოებრივი ნარატივი მომხმარებელთა დაცვის საკითხების ირგვლივ, თითქმის არ არსებობს მხარდამჭერი სერვისები დავალიანების მქონე პირთათვის. როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული დერეგულაციის შედეგად ჩეხეთის რესპუბლიკა მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ შეიმუშავა საჯარო ადვოკატირების სტრატეგია და მომსახურების მიწოდების ინსტრუმენტი ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

როგორც კატერინა ჰოლოვა, ჭარბვალიანობის საკითხებში „ფიფლ ინ ნიდ“-ის ჩეხი ექსპერტი ამბობს, „ჩეხეთში არსებული გარემოს ანალიზისა და ჩეხური მოდელის დასავლეთ ევროპის ანალოგებთან შედარების საფუძველზე, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რათა მიგვეცა დავალიანების მქონე პირებისთვის მეორე შანსი, უკეთ დაგვეცვა ისინი მევახშეების სესხებისა და ქონების დაყადაღებისგან. ჩვენ გვწამს, რომ შესაძლებელია საკრედიტო დავალიანების საკითხებზე ადვოკატირებისა და კონსულტირების მიმართულებით ჩვენი გამოცდილების საქართველოში გადმოტანა. პროექტს შეუძლია შეცვალოს ვალის მქონე ათასობით ადამიანის ცხოვრება საქართველოში."

წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ გეგმავს განახორციელოს პროექტი საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს კვლევის, ადვოკატირებისა და სასესხო საკითხებზე კონსულტირების მიმართულებით ჩეხეთის რესპუბლიკაში მიღებული გამოცდილების ადგილობრივ რეალობაზე მორგებას. პროექტით გათვალისწინებული მიდგომა მიმართულია ვალიანობის კრიზისის დაძლევაზე, რაც, ხშირ შემთხვევაში, აფერხებს მრავალი ოჯახის მიერ ქვეყნის მიმდინარე განვითარების მიღწევებით სარგებლობას. ის საშუალებას მისცემს საზოგადოებრივ აქტორებს პირდაპირი დახმარება გაუწიონ დავალიანების მქონე ოჯახებს, გაზარდონ საკითხის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერება და შეიმუშაონ გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის გარემოს გაუმჯობესებას. 

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა Jonáš Háger-მა აღნიშნა, „ჭარბვალიანობის პრობლემის საპასუხოდ განხორციელებული ინტერვენციების წყალობით, PIN–მა ჩეხეთის რესპუბლიკაში საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ჩეხური გამოცდილების დანერგვას, რაც ახლა სწორედ აქ, საქართველოშია ასე საჭირო. მოუთმენლად ველით ამ ამბიციური, ყოვლისმომცველი და ჭეშმარიტად ინკლუზიური ინიციატივის შედეგებს, რომელიც განხორციელდება ჩეხეთ-გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობით, მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით.“

პროექტი განხორციელდება „ჯეოველთან“, საქართველოში მოქმედ ანალიტიკურ ცენტრთან პარტნიორობით, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე გავლენის მქონე ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებზე მუშაობისა და კვლევის 11 წლიანი გამცდილება. 

„ფინანსური სერვისებისა და სესხების ხელმისაწვდომობა მრავალი ადამიანისთვის სიღარიბისგან თავის დაღწევისა და საარსებო წყაროს შექმნის წინაპირობაა. სამწუხაროდ, ამგვარი სერვისები მარტივად შეიძლება იქცეს ადამიანების სამუდამო სიღარიბეში მომწყვდევის ინსტრუმენტად. მრავალი წლის წინ ამ წინააღმდეგობრივი ფაქტის გაცნობიერების შედეგად, ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ მიზნად დაისახა ჩეხეთის რესპუბლიკაში მთლიანი სისტემის გაუმჯობესება. ვინაიდან მრავალ პოზიტიურ, ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ, გვსურს ჩვენი გამოცდილება მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ.“ აცხადებს იან მრკვიჩკა, „ფიფლ ინ ნიდ“-ის ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. 

პროექტის ფარგლებში, „ფიფლ ინ ნიდ“ ხელს შეუწყობს მომხმარებელზე ორიენტირებული, ანგარიშვალდებული საკრედიტო და სასესხო პრაქტიკის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს ოჯახების ეკონომიკურ უსაფრთხოებას, კრედიტორების მიერ პასუხისმგებლიან დაფინანსებასა და საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც წაახალისებს ინდივიდუალურ ინვესტიციებს შემოსავლის მომტან საქმიანობასა და განათლების სფეროში.

პროექტი ხორციელდება ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და GeoWel Research–თან პარტნიორობით. 


საკონტაქტო პირი:
ევა ფერდანდეს მარტინი, პროექტის მენეჯერი, ორაგნიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“,
eva.fernandez@peopleinneed.cz. 
ავტორი: ევა ფერნანდეს მარტინი, პროექტის მენეჯერი