სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში

18 მაი. 2021

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვნად განვითარდა; საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, სიტყვისა და აზრის თავისუფლებას, სამოქალაქო აქტივობას. არსებული რეალობისა და ადგილობრივი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახალგაზრდა ლიდერები, მცირე ზომის არაფორმალური ჯგუფები თუ ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივები საზოგადოებრივ დღის წესრიგში სულ უფრო მწვავედ აყენებენ ახალ თემებს და შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო კომპლექსურ ელფერს სძენენ.

მიღწეული პროგრესის მხარდასაჭერად, „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) 2020 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 2-წლიან პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“, რომელიც მიზნად ისახავს ახლადშექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სათემო ჯგუფების, სამოქალაქო ინიციატივების, სოციალური და კულტურული მოძრაობების მხარდაჭერასა და მათ შემდგომ გაძლიერებას. ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკაში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გაიზიარონ არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ექსპერტების გამოცდილება, ასევე ისწავლონ მრავალი ღირებული რამ უშუალოდ ერთმანეთისგან.

პროექტის საწყის ეტაპზე სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, თითოეულ ქვეყანაში რვა სამიზნე ორგანიზაცია შეირჩა, შემდეგ კი, მათი თვითგანვითარების ორწლიანი გზა დაიწყო.

„პროექტმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა მოტივირებული, კრეატიული ლიდერები ან უბრალოდ აქტიური ადამიანები, რომლებიც ნაცვლად იმისა, მოირგონ პასიური დამკვირვებლის როლი და დაელოდონ ცვლილებებს, თავად ახდენენ საკუთარ თემში ცვლილებების ინიცირებას,” ამბობს ელენა ტერზი, PIN-ის პროექტის რეგიონული კოორდინატორი.

შერჩეული ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის მრავალფეროვნება ნათელი დასტურია იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია სამოქალაქო გარემო და მისი პოტენციალი ამ სამი ქვეყნის მასშტაბით. 

საქართველოში შერჩეული ორგანიზაციებია:

  • Z.axis, რომელიც ორიენტირებულია მონაცემთა ვიზუალიზაციაზე და კვლევაზე.
  • აიწონა-დაიწონა, რომელიც ხელოვნების საშუალებით პოპულარიზაციას უწევს არაფორმალურ განათლებას.
  • პანკისის სათემო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა მონაწილეობისა და სათემო პრობლემების ადვოკატირებაზე.
  • ახალგაზრდა ფემინისტები, ჯგუფი, რომელიც აქტიურად იცავს ქალებსა და ქალთა უფლებებს, ხელს უწყობს ახალგაზრდა გოგონების გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობას.
  • პლატფორმა სალამი, რომელიც ორიენტირებულია ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე, საზოგადოების მობილიზაციასა და გაძლიერებაზე.
  • წინ ახალი შესაძლებლობებისკენ, რომელიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, მხარს უჭერს ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას, აწყობს კამპანიებს ადრეული ქორწინების წინააღმდეგ.
  • შემოქმედებითი საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდულ საკითხებზე, განათლებასა და კულტურაზე, სპორტზე, ეკოლოგიაზე, ქველმოქმედებასა და სათემო პრობლემების ადვოკატირებაზე.
  • ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების მობილიზაციას, შესაძლებლობების განვითარებასა და მუნიციპალურ დონეზე სოციალური სერვისების დანერგვას.


პროექტის ფარგლებში, სომხეთში შეირჩა შემდეგი ორგანიზაციები:

  • ჯანმრთელობის პოლიტიკისა და ინოვაციების ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის პოლიტიკის გატარებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით.
  • სამოქალაქო ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა უფლებების ადვოკატირებაზე და ადგილობრივ მმართველობაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერაზე.
  • საზოგადოება და ახალგაზრდობა, პოლიტიკური კაფე და ახალგაზრდული სივრცე.
  • ინიციატივა საგანმანათლებლო, სოციალური და იურიდიული ინკლუზიისთვის, რომელიც ხელს უწყობს მარგინალური ჯგუფების ინკლუზიას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში.
  • Mitq ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის კრიტიკული აზროვნების განვითარებას და სათემო ჯგუფებში მათ გაერთიანებას.
  • Restart Gyumri, მოძრაობა მხარს უჭერს ხელმისაწვდომ, ინკლუზიურ, თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლებას, სადაც წახალისებული იქნება თავისუფალი აზროვნება და სტუდენტების მიმართ სამართლიანი მოპყრობა.
  • ქალთა გაძლიერების რესურსცენტრი, რომელიც ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში;
  • ახალგაზრდული შესაძლებლობები, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებას სოციალური მედიის მარკეტინგში, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ონლაინ ეკონომიკის სხვა სექტორებში.


მოლდოვის რესპუბლიკაში კი, პროექტის ფარგლებში შეირჩა შემდეგი ორგანიზაციები:

  • Echitate, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ პირებს.
  • Laolaltă/ Împreună împotriva COVID-19, რომელიც დახმარებას უწევს მოხუცებსა და გაჭირვებულ ადამიანებს პანდემიის დროს მათთვის სურსათის, მედიკამენტებისა და ჰიგიენის საშუალებების შეძენითა და მიწოდებით.
  • Luceafărul Sudic, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებასა და მოქალაქეთა ჩართულობას.
  • Mediu curat și oameni sănătoși, რომელიც ორიენტირებულია გარემოს დასაცავად მოხალისეებისა და ხელისუფლების მობილიზებაზე.
  • CU SENS, გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი, რომელიც მუშაობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე.
  • Puls comunitar, რომელიც დახმარებას უწევს აივ / შიდსით ინფიცირებულ პირებსა და ნარკოტიკების მომხმარებლებს.
  • TinerEd, ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს არაფორმალურ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
  • VIP CENTRU, რომელიც დახმარებას უწევს ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირებს.


პროექტის ფარგლებში, სამიზნე ორგანიზაციები შეირჩა გამჭვირვალე პროცესის გამოყენებით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. პროექტის გუნდმა გაითვალისწინა, თუ რამდენად ჰქონდა მონაწილე ორგანიზაციას ინტერესი ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე ცვლილებების გატარების მიმართ, რამდენად ჰქონდა კონკრეტული შედეგების მისაღწევად დაინტერესებული მხარეების მობილიზაციის სურვილი, რამდენად შეეძლო შეეფასებინა საკუთარი სუსტი მხარეები და ემუშავა მათ გაუმჯობესებაზე, რამდენად იყო მოტივირებული მნიშვნელოვანი დრო და ენერგია ჩაედო საკუთარ განვითარებაში.

“თითოეულ ორგანიზაციასა და სამოქალაქო მოძრაობას, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს. მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, შეგვიძლია დავეხმაროთ მათ საკუთარი ხმის გაჟღერებაში, მოსახლეობის ნდობის მოპოვებაში, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების რანგში პირველი ნაბიჯების გადადგმაში”- ამბობს ელენა ტერზი.

პროექტი ითვალისწინებს შერჩეული ორგანიზაციების მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით. გამოცდილი ფასილიტატორების დახმარებით, თითოეულმა ორგანიზაციამ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და შეიმუშავა განვითარების სტრატეგია შემდგომი ორი წლისთვის. პროექტის მსვლელობის პარალელურად, მონაწილეები დაესწრებიან კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს, მათ გაუწევენ მონიტორინგს, ქოუჩინგსა და კონსულტაციებს. დამატებით, პროექტი საშუალებას მისცემს მონაწილეებს მჭიდრო კავშირი დაამყარონ საკუთარ თემებთან, მხარდამჭერებთან და მოხალისეებთან, ასევე სხვა ქვეყნებში მოღვაწე პარტნიორებთან და აქტორებთან.

ორგანიზაციები შეისწავლიან, თუ რა შემთხვევაში, რატომ და რა ფორმით უნდა ჩართონ კერძო სექტორი, როგორ უნდა უზრუნველყონ რესურსების მართვა ეფექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, როგორ უნდა მოიზიდონ ფონდები ორგანიზაციული განვითარებისა და საზოგადოებრივი კამპანიების მხარდასაჭერად.

*****

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. 


ავტორი: ფიფლ ინ ნიდ