PIN-ი სამიზნე ორგანიზაციების შესარჩევი კონკურსის შედეგებს აქვეყნებს

PIN-ი სამიზნე ორგანიზაციების შესარჩევი კონკურსის შედეგებს აქვეყნებს

27 მაი. 2021

გვაქვს პატივი შეგატყობინოთ ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ -შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ.

ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ -ის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში სულ მიღებულ იქნა 46 განაცხადი საქართველოს ყველა რეგიონიდან და დედაქალაქიდან. გამომდინარე იქიდან რომ თითქმის ყველა განაცხადი იყო საინტერესო და მნიშვნელოვან იდეაზე ორიენტირებული, შესარჩევი კომისიის წევრებს გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა პროექტის მიზნებიდან და კონკურსის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მათ პირველ ეტაპზე გადაარჩიეს 12 განმცხადებელი, რომლებთანაც ჰქონდათ ინიდივიდუალური ინტერვიუ. ხოლო ამ ინტერვიუს საფუძველზე შეირჩა 7 ორგანიზაცია/საინიციატივო ჯგუფი, რომელთანაც PIN-ი პროექტის ფარგლებში, ერთი წლის მანძილზე გააგრძელებს მუშაობას.

2021 წლის აპრილი, მაისის პერიოდში PIN-ის მიერ ფორმირებული 6 წევრისაგან (თინათინ ჯაფარიძე, ფიფლ ინ ნიდ, საქართელოს მისია, პროგრამების ხელმძღვანელი; ნანა ფერაძე, ფიფლ ინ ნიდ, პროექტის კოორდინატორი საქართველოში; ოლენა რომანოვა, ფიფლ ინ ნიდ, უკრაინის მისია, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი; იარომირ ნემეცი, NESEHNUTI; ანა ჭილაძე და სალომე ჩაგელიშვილი, ქალთა ფონდი საქართველოში) შემდგარი შესარჩევი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. კომისიის ყველა წევრი ინდივიდუალურად გაეცნო და შეაფასა თითოეული განაცხადი. მეორე ეტაპზე, უშუალოდ სხდომაზე, კი დისკუსიისა და მსჯელობის საფძველზე შეარჩიეს იმ აპლიკანტების სია, რომლებთან გასაუბრება და ინფორმაციის დაზუსტება სურდათ. შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრების შემდეგ, ჩაინიშნა შესარჩევი კომისიის მეორე სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება.

კონკურსანტები ფასდებოდნენ შემდეგი კრიტერიუმებით:

  • პირველადი მოტივაცია - სისტემური ცვლილება (პოლიტიკის, დამოკიდებულებების ან ქცევის) ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე.
  • მშვიდობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ღირებულებების ერთგულება.
  • თემატური მიმართულების და ადგილობრივი სოციალური კონტექსტის გაგება.
  • წინა სამოქალაქო, ან სათემო აქტივიზმის მაგალითები (შეიძლება იყოს არაფორმალური ან მცირე მასშტაბის - ჩვენ ვეძებთ ჯგუფებს, რომელთაც აქვთ პრაქტიკული, პროაქტიული დამოკიდებულება და საბაზისო გაგება იმ გამოწვევბის შესახებ რომელიც თან ახლავს ცვლილებებისათვის ერთად მუშაობას და არა პროექტის განხორციელების ჩანაწერი).
  • კონკრეტული ცვლილებებისა და შედეგების მიღწევის ინტერესი სხვების მობილიზაციით. ღიაობა ჩართული წევრების, პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების სპექტრის გაფართოებისთვის.
  • საკუთარი სისუსტეების შეფასების უნარი და შესაძლებლობების გაუმჯობესების მოტივაცია.
  • მზადყოფნა, მომდევნო 12 თვის მანძილზე, დროის და ენერგიის გამოყოფისათვის. მობილიზებისთვის , რომელიც საჭიროა საკუთარი ინიციატივის/ორგანიზაციის/კამპანიის განვითარებისათვის.

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად 7 სამოქალაქო ინიციატივა/ორგანიზაცია იქნა შერჩეული.

შერჩეული ინიციატივები/ორგანიზაციები ცდილობენ სხვადასხვა ეროვნულ ან რეგიონილ დონეზე, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, ან მათი საჭიროებების ადვოკატირებას. ქალთა გაძლიერებას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, პოლიტიკის ცვლილებებში მონაწილეობას, როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონალურ დონეზე, ახალგაზრდების, ან ზოგადად მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ გაძლიერებას, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას და ა.შ.


შერჩეული ორგანიზაციებიდან ექვსი რეგისტრირებულია გასული სამი წლის განმავლობაში, ხოლო ორი ამ დრომდე წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფს.

შერჩეული საინიციატივო ჯგუფები/ორგანიზაციებია:

  • მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ - დაარსდა 2019 წლის სექტემბერში, როგორც სოციალური ქსელის FACEBOOK ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვასა და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჯგუფი ასევე ცდილობს ხელი შეეწყოს და აღსრულდეს ყველა ის კანონი, რომელიც შეამცირებს ბრაკონიერობის შემთხვევებსა და სხვადასხვა კანონდარღვევის ფაქტებს.
  • კავშირი „ფრეია“, მათი მისიაა - საზოგადოებაში ქალთა უფლებების სამართლებრივი კულტურისა და ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ამ უფლებების დაცვის მონიტორინგი, ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და სტანდარტებთან შესაბამისობით.
  • სამოქალაქო მოძრაობა ,,ჩემი ქალაქი მკლავს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე პოლუსი“ - ემსახურება ქვეყანას / საზოგადოებას და მოწოდებულია გააუმჯობესოს ჰაერის, წყლისა და საკვების ხარისხი საზოგადოებაში ეკო-ცნობიერების ამაღლების გზით. ისინი ზრუნავენ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე: ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება; გამწვანების ნაკლებობა; დანაგვიანება; საზოგადოებრივი და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის განვითარება; უკანონო მშენებლობის აღკვეთა; ინფრასტრუქტურული დარღვევების გამოსწორება; შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა და ა.შ.
  • დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება - ინიციატივა ეხება საქართველოში მშრომელების გაძლიერებას და შრომის უფლებების დაცვას; ინიციატივა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: წევრების გაძლიერება (2000+) შრომის კანონის და პროფკავშირული ორგანიზების ტრეინინგებით, ხშირი კონტაქტით; ხელშეკრულებების გაფორმება, რითაც მათი უფლებები უფრო დაცული იქნება; ახალი პროფკავშირების შექმნა იმ სფეროებში, სადაც ჯერ არ არსებობს ასეთი გაერთიანებები; შრომის უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და თავდაცვის მექანიზმების გაზიარება.
  • ასოციაცია „ილი“ - მათი მიზანია, სმენადაქვეითებული ბავშვების ერთ-ერთი საჭიროების მოგვარება, კერძოდ კი სარეაბილიტაციო კურსის დაარსება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომლისთვისაც ესაჭიროებათ ორგანიზაციული განვითარება და საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ორგანიზაცია დაარსების დღიდან მუშაობს მოხალისეობრივად, ახორცილებს და მონაწილოებას ღებულობს სხვადასხვა პროექტებში, სერვისი, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ფინანსდება თბილისში, ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელი რჩება რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, რადგან დედაქალაქში სერვისის მისაღებად წასვლა სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებთან არის დაკავშირებული. პანდემიის პერიოდში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. თერაპიებმა გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში, რაც სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა.
  • რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა - მათი მიზანია, რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, მათი ჩართულობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა შექმნილია იმის გამო, რომ რაჭაში მოხდეს იმ პრობლემებზე ორიენტირება და მუშაობა, რომელიც დგას რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე და ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პრობლემების მოგგვარებას, როგორიცაა: მოსახლეობის გადინება, დაბალი სამოქალაქო აქტივობა, ახალგაზრდების თვითმობილიზება და მათი სამოქალაქო ჩართულობა სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის პროცესში.
  • ქალთა გაერთიანება - მათი მიზანია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა და გენდერული ძალადობისგან დაცვა; გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვა; ბავშვთა უფლებების დაცვა; სათემო განვითარების ხელშეწყობა; მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ მეზობელ სოფელში (მოლაოღლი და ხულდარა) ფუნქციონირებს ქალთა თვითდახმარების ჯგუფები. აღნიშნულ ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ქართული ენის და კომპიუტერის გაკვეთილები, ბიზნეს გეგმების წერა და ა.შ.ისინი ასევე, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, ატარებენ გამოკითხვებს, შეისწავლიან ქალთა ადგილობრივ საჭიროებებს და სხვა.

People in Need საქართველოს გუნდი წარმატებებს უსურვებს შერჩეულ ორგანიზაციებს!

ავტორი: People in Need , (PIN)