"ფიფლ ინ ნიდ" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის წერილი

31 დეკ. 2020

ახლა, როცა 2020 წელი დასასრულს უახლოვდება, ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ გუნდი კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს იმ გამოწვევებსა და მიღწევებს, რომლებიც თან ახლდა ამ უჩვეულო წელიწადს. COVID-19-ის გავლენა ჯერ კიდევ მძაფრად იგრძნობა ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ოჯახი მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა, ვაცნობიერებთ, თუ რა სერიოზულ გავლენას ახდენს დაწესებული შეზღუდვები ოჯახების საარსებო წყაროებზე, განათლებისა და დამხმარე სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

ვამაყობ, რომ „ფიფლ ინ ნიდ“-მა წარმატებით შეძლო მიმდინარე პროექტების იმ თემების ცვალებად საჭიროებებზე ადაპტირება, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ ვეხმარებით სოფლად მოქმედ ბიზნესებს და ხელს ვუწყობთ მათი მდგრადობის გაზრდას ისეთი შოკებისა და სტრესების მიმართ, როგორიცაა პანდემია. ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ ასევე დავიწყეთ ხუთ ქვეყანაზე გათვლილი ახალი პროექტი - COVID-19 სოლიდარობის პროგრამა, რამაც საშუალება მოგვცა მოგვეცვა საქართველოს მეტი რეგიონი და გამოცდილ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად გვეპასუხა ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ისევე როგორც ციფრული განათლების და სამართლებრივი დახმარების, მიმართულებით წარმოქმნილ საჭიროებებზე.

გარდა ამისა, ჩვენ მიერ დაწყებული ორი ახალი პროექტი შეისწავლის, თუ როგორ აფერხებს საბანკო კრედიტების და შრომითი უფლებების ექსპლუატაციის მხრივ არსებული პრობლემები ქვეყნის განვითარებას და რა ფორმით შეუძლია PIN–ს არსებითი ცვლილებების წახალისება. ამავდროულად, ჩვენ დავასრულეთ ჩვენი ამბიციური სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის - დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბიულეტენში!

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ კოლეგას იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს ამ მძიმე პირობებში. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს დონორებსა და პარტნიორებს მოცემული შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით კი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, USAID-ს, ევროკავშირს, SlovakAid-სა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).

    გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ 2021 წელს!


დიონ ბატერსბი

„ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი

ჩამოტვირთე: "ფიფლ ინ ნიდ" საქართველოს ბიულეტენი, დეკემბერი 2020

ავტორი: რამაზი ჭიჭინაძე, კომუნიკაციის ოფიცერი