COVID-19 პანდემიით დაზარალებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამა

გამოქვეყნებული 31 მარ. 2021 წასაკითხი დრო 2 წუთი
COVID-19 პანდემიით დაზარალებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამა
© Foto: People in Need Georgia

„ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზარალის შემსუბუქებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობას.

44 წლის ალექსი წეველიძე ქობულეთის დაბა ოჩხამურში ცოლთან და მეორეკლასელ შვილთან ერთად ცხოვრობს. კვირაში ერთხელ, მას პირდაპირ ეთერში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ გადაცემა მიჰყავს. პანდემიის დაწყებასთან ერთად, ალექსისთვის გადაადგილება მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, შედეგად კი, საფრთხე შეექმნა ტელევიზიაში მის შემდგომ საქმიანობას.

როგორც თავად აღნიშნავს, „როდესაც პანდემია დაიწყო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა შეწყდა, ყველანაირი მობილობა რისკის ქვეშ დადგა და გადაცემის გაგრძელებასაც საფრთხე დაემუქრა...„ 

ალექსი წაველიძე უსინათლოა. იგი ერთ-ერთია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ ასეულობით პირს შორის, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“ ფარგლებში შექმნილი მომსახურებით სარგებლობს. პროექტი ხორციელდება კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ, „ფიფლ ინ ნიდ“-ის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას.

პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტები, ექთნები, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად. მობილური ჯგუფის უფასო სერვისი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ამოქმედდა. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, მცირე პაუზის შემდეგ, სერვისი 2021 წლის 11 იანვრიდან კვლავ განახლდა და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

საქართველოს მაღალმთიან და სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხარისხიანი და კვალიფიციური სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც სირთულეს წარმოადგენდა, COVID-19-თან დაკავშირებით გატარებულმა ზომებმა კი, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვამ, კიდევ უფრო გაამწვავა ამ მხრივ არსებული მდგომარეობა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მობილური ჯგუფების დახმარებით, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათთვის საჭირო სერვისები.

ჩემი სახლიდან ბათუმამდე, სულ მცირე, 40 კილომეტრია. აქამდე ჩამოსასვლელად, ორი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს, ქალაქში გადასაადგილებლად კი კიდევ ერთი ტრანსპორტი მჭირდება. ტელევიზიაში ანაზღაურების გარეშე ვმუშაობ, რის გამოც, ტაქსით გადაადგილება დიდ ხარჯებს უკავშირდება. პროექტმა ჩემი უწყვეტი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა,“ - ამბობს ალექსი.

იგი იმედოვნებს, რომ სერვისი მომავალშიც გაგრძელდება და სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს საჭირო ხარჯებს.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან (NHC) და AFEW International (AFEW) თანამშრომლობით. იგი წარმოადგენს ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამის ნაწილს და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში COVID-19-ით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრასა და მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ამაღლებას. 
Autor: People in Need

მსგავსი სტატიები